დაეს თვის არტისტი - ევგენია.
უკრაინელი ხელოვანი, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. ის ქმნის სამყაროებს, რომლებიც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს.
მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და შემოქმედებით გზაზე.
მე მქვია ევგენია, ვარ უკრაინელი არტისტი, ამჟამად ბერლინში ვცხოვრობ. ჩემი შემოქმედებითი გზა 2018 წელს დაიწყო და თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმოსახვასთან, სიზმრებთან და შინაგან ვიზუალურ სამყაროსთან. ვქმნი ილუსტრაციებს ტექსტილისა და ავეჯისთვის, ვმუშაობ მუსიკოსებისთვის ქავერებისა და ანიმაციების დიზაინზე, ასევე ზოგჯერ ვარ VJ და სკულპტორი.
რა იყო ის პირველი ინსპირაცია, რომელმაც ხატვა და ილუსტრაციების შექმნა დაგაწყებინათ?
ინსპირაცია გულისტკივილიდან მოვიდა. რომ არა ეს, შესაძლოა დღეს დიდ კორპორაციაში მემუშავა.
თქვენი ნამუშევრები ხშირად თითქოს მაგიური ან სიურეალისტური სამყაროდან მოდის. რა შთააგონებთ ამ პერსონაჟებსა და გარემოებს?
მიყვარს როცა სამყაროს თითქოს მიკროსკოპიდან ან ტელესკოპიდან ვუყურებ –სოკოების კოლონიების, მწერების, მიკრო და მაკრო კოსმოსი. მაინტერესებს, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და აღიქვამს რეალობას.
ბევრი ჩემი ნამუშევარი მოდის იმ განცდიდან, რომ ჩვენ მხოლოდ სამყაროს ნაწილს ვხედავთ, დანარჩენი კი დაფარული რჩება. ეს შეგრძნება აღვიძებს ჩემს წარმოსახვას და გარდაიქმნება პერსონაჟებად და სივრცეებად, რომლებიც რეალობასა და სიზმრებს შორის არსებობენ.
ვიკვლევ ქვეცნობიერის მუშაობას. ხშირად ინტუიციურად ვხატავ და მხოლოდ შემდეგ ვცდილობ ვიპოვო მნიშვნელობა იმაში, რაც შეიქმნა. ფერი, ფორმა და კომპოზიცია მეხმარება ძლიერი ემოციების გადმოცემასა და შინაგანი მდგომარეობების ვიზუალიზაციაში.
ეს თვითშემეცნების და რეფლექსიის პროცესია. თითოეული ნახატი ხდება სარკე, რომელიც არა მხოლოდ ჩემს შინაგან სამყაროს ასახავს, არამედ მაყურებელსაც აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი დაინახოს.
როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი? როგორ იწყება ხატვის პროცესი?
ჩემი შემოქმედებითი პროცესი ხშირად სიზმრებით იწყება. ვხედავ არა მხოლოდ ნამუშევრებს, არამედ თავად შექმნის პროცესსაც – როგორ ვხატავ, ვძერწავ ან ვქმნი ანიმაციას.
გამოფხიზლების შემდეგ ვსეირნობ და გონებაში ვხაზავ დეტალებს, ვაწყობ იმას, რაც სიზმარში ვნახე. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ რეალურად მუშაობას.
არიან თუ არა არტისტები, წიგნები ან ფილმები, რომლებიც თქვენს ილუსტრაციებზე ახდენენ გავლენას?
რა თქმა უნდა, სია ძალიან გრძელია. მაგრამ პირველი ადამიანი, ვინც ჩემზე გავლენა მოახდინა, იყო უკრაინელი ფოლკლორული არტისტი მარია პრიმაჩენკო – ცნობილი მხატვარი, რომელიც ქმნიდა ფანტასტიკურ არსებებს.